11 პირის პროცესი | „ჩქარობს განაჩენის მოსწრებას" - გალუსტაშვილმა ივლისში 14 პროცესი ჩანიშნა

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ 11 პირის საქმეზე დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მხარეებს ივლისის თვის განრიგი გააცნო – თუ რა თარიღებში ჩაატარეს პროცესებს ამ საქმეზე.

ეს თარიღებია: 10 ივნისი, 13 ივნისი, 30 ივნისი,  01 ივლისი, 04 ივლისი, 07 ივლისი, 09 ივლისი, 11 ივლისი, 15 ივლისი, 17 ივლისი, 21 ივლისი, 22 ივლისი, 23 ივლისი, 24 ივლისი, 25 ივლისი, 29 ივლისი, 31 ივლისი;

ადვოკატები ამბობენ, რომ ეს თარიღები სასამართლომ მათთან შეთანხმების გარეშე განსაზღვრა.

ისინი ვარაუდობენ, რომ მოსამართლე ცდილობს, 9-თვიან საპატიმრო ვადაში მოასწროს საქმის განხილვის დასრულება და განაჩენის გამოცხადება. ამის მიზეზი კი დღეს მოქმედი კანონმდებლობაა, რის მიხედვითაც, პირს წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტხანს ვერ დატოვებენ. აღნიშნულ საქმეზე 9-თვიანი ვადა კი აგვისტოში გადის.

თუ სასამართლო 9 თვეში ვერ ასწრებს განაჩენის გამოტანას, მაშინ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უნდა გაუქმდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულებმა საპატიმრო დაწესებულება უნდა დატოვონ. საქმის განხილვა გაგრძელდება, თუმცა ბრალდებულები პროცესებზე სახლიდან ივლიან. ადვოკატების თქმით, სასამართლოს სწორედ ამის დაშვება არ უნდა.

„დღეს გაიწერა ივლისის თვის განრიგი, გაიწერა ისე, რომ მოსამართლეს ეს არ შეუთანხმებია არც ჩვენთან, ადვოკატებთან, რომლებიც 10-ზე მეტნი ვართ, და არ შეუთანხმებია ეს არც ბრალდების მხარესთან.

როგორც წესი, მოსამართლეები ითვალისწინებენ ხოლმე, ჩვენი სხვა პროცესების განრიგს და ჩვენთან შეთანხმებით ნიშნავენ ხოლმე ყოველ მომდევნო პროცესს.

ფაქტია, ცალსახაა, რომ მოსამართლეს სურს, რომ მაქსიმალურად ჩაეტიოს 9-თვიან საპატიმრო ვადაში განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ივლისში დაახლოებით 14 პროცესი გაიწერა, როგორც დაცვის მხარესთან, ისე ბრალდებასთან შეუთანხმებლად.

ამასთან, დამატებით, მოსამართლემ აღნიშნა, რომ თუ ვერ ჩაეტევა სამუშაო დროში, ანუ თუ 6 საათამდე ვერ მოესწრება მოწმეების დაკითხვა, შესაძლებელია, ეს გაგრძელდეს ღამის 12 საათამდეც კი.

ბუნებრივია, ასეთი არანორმირებული დღის წესრიგი, თვის წესრიგი ჩვენთვის მიუღებელია. შესაძლებელია, ამან გამოიწვიოს დაცვის უფლების შეზღუდვაც…

ამასთან, ყველასთვის ცნობილია, რომ ადვოკატებს მხოლოდ ერთი საქმე არ გვაქვს, ჩვენ ვახორციელებთ დაცვას ყოველდღიურად სხვადასხვა პირის მიმართ.

შესაბამისად, ერთადერთი ვარაუდი რაც არის, არის ის, რომ მოსამართლე ცდილობს, რომ 9 თვეში მოასწროს განაჩენის გამოტანა, და არც კი განიხილავს იმას, რომ გირაოთი შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და ამ ბიჭებმა გარედან იარონ სასამართლოზე და ამგვარად წარიმართოს პროცესები.

მოესწრება თუ არ ამ ვადაში განაჩენის გამოცხადება – ეს დამოკიდებულია პროკურატურისვე, თუ მოწმეთა ნუსხიდან პროკურატურა ნაწილს არ მოხსნის, ამ რეჟიმშიც კი გაუჭირდება სასამართლოს 9-თვიან ვადაში მოსწრება… თუმცა, მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ამ 9-თვიან ვადაში, სასამართლო და პროკურატურა ერთობლივად ვერ ჩაეტევა ვადაში. თუნდაც განიხილებოდეს მოწმეთა მოხსნა დასაკითხ პირთა ნუსხიდან“, – ამბობს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.

OSZAR »