8 პირის საქმეზე დღეს ვეფხია კასრაძის დამკავებელი პოლიციელი და ექსპერტები დაიკითხნენ

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის მორიგი პროცესი გაიმართა.

დღეს სხდომაზე დაიკითხნენ ვეფხია კასრაძის დამკავებელი პოლიციელი ივანე ფირცხალაიშვილი და ექსპერტები, რომლებმაც ექსპერტიზა ჩაუტარეს ნივთებს, რომლებიც, გამოძიების მტკიცებით, ზვიად ცეცხლაძის სახლიდან ამოიღეს.

ვეფხია კასრაძის დამკავებელმა პოლიციელმა განაცხადა, რომ კასრაძე 4 დეკემბერს, შუადღის საათებში, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში დააკავეს. კასრაძე ამ კორპუსში ერთ-ერთი ბინის რემონტზე მუშაობდა.

პოლიციელის განცხადებით, კასრაძის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს და დალუქეს მისი ტელეფონი. გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარდა მანქანის ჩხრეკაც, თუმცა იქიდან არაფერი ამოუღიათ. მოწმის შეფასებით, კასრაძის დაკავება მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, მას არ გაუწევია წინააღმდეგობა და არ გაუკეთებია რამე განცხადება.

მოწმის დაკითხვის შემდეგ ვეფხია კასრაძემ  განაცხადა, რომ მას პოლიციელის ადგილზე ყოფნა არ ახსოვს, პროცესის დასასრულ კი აღნიშნა, რომ „რატომღაც არ ახსოვდა“, რომ ივანე ფირცხალაიშვილი მის დაკავებაში მონაწილეობდა და მისი ჩვენებიდან დეტალები არ დაემთხვა. კასრაძისვე თქმით, მისი დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან დარღვევასა და გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

რა თქვეს ექსპერტებმა

ექსპერტების ჩვენების მიხედვით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ზვიად ცეცხლაძის საქმეში არსებულ ბოთლებსა და ქილებში, ძირითადად, აღმოჩნდა ბენზინი და საღებავები.

ექსპერტმა პეტრე წინწკალაძემ განაცხადა, რომ 10 დეკემბერს ჩაატარა ექსპერტიზა მინის ბოთლებსა და სხვა ნივთებზე.

მისი თქმით, კვლევით დადგინდა, რომ ბოთლებში მოთავსებული იყო ბენზინი, საღებავები და სხვადასხვა ნივთიერება.

„ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ობიექტებზე არ დაფიქსირდა რამე სახის ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი“, – განაცხადა მან.

ექსპერტმა კობა ანდრიაძემ განაცხადა, რომ უნდა შეესწავლა ამ ბოთლებში არსებული ნივთიერება იყო თუ არა ფეთქებადი და სიცოცხლისთვის საშიში.

მოწმემ განაცხადა, რომ შესწავლილი 7 ბოთლი იყო ცეცხლგამჩენი მოწყობილობა. მისივე შეფასებით, მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანას შეეძლო, გამოეწვია ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა და ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, მატერიალური ზარალი.

„მათში მოთავსებული სითხე და დამონტაჟებული ქსოვილის ნაჭერი ერთობლიობაში არ წარმოადგენენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, ისინი წარმოადგენენ კუსტარული წესით დამზადებულ ცეცხლგამჩენ მოწყობილობას“, – თქვა მოწმემ შესწავლილი 7 ბოთლის შესახებ.

ექსპერტის თქმით, სხვა ნივთები – აეროზოლები, პოლიმერული მასალისა და პლასტმასის ბოთლები და თუნუქის ქილები არც ასაფეთქებელია და არც ცეცხლგამჩენი მოწყობილობა.

ექსპერტმა ნატო მესხიამ და ეკა კორკოტაშვილმა შეისწავლეს თუნუქის ქილები, აეროზოლები და დაადგინეს, რომ მათში მოთავსებული იყო სხვადასხვა ტიპის საღებავები. მაკა ფირცხელაურმა შეისწავლა ბოთლებში ნივთიერებები და დადგინდა, რომ ეს იყო ნავთობპროდუქტი.

ზვიად ცეცხლაძის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განცხადებით, ეს ნივთები ზვიად ცეცხლაძის სახლიდან არ ამოუღიათ. ზვიად ცეცხლაძის ჩხრეკის დროს ადვოკატებს პროცესზე დასწრების საშუალება არ მიეცათ.

„დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნაზე ხელმომწერი ექსპერტები. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება თითქოს, რომ 4 დეკემბერს ზვიად ცეცხლაძის სახლიდან თითქოს ამოღებული ქილები, რომლებშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის სითხე, მათ შორის, ბენზინი და ზეთის კონცენტრაცია, იყო აალებადი მოწყობილობა.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 4 დეკემბერს როდესაც ჩატარდა ზვიად ცეცხლაძის სახლის ჩხრეკა, მისი სახლიდან რეალურად არ ყოფილა ამოღებული ნივთები, რომლებსაც ბრალდების მხარე მას ედავება. დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ამ ქილებში იყო სხვადასხვა ზომისა და მოცულობის სითხე, მაგრამ კონკრეტულად იყო ეს აალებადი, ან ეს ქილები იყო თუ არა სავსე ან რა დოზით და რა მოცულობით იყო მასში მოთავსებული აღნიშნული ნივთიერებები, პასუხები დეტალურად ვერ მოვისმინეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარემოებები გახდა ცნობილი და ამაზე დასკვნით ნაწილში მივაწოდებთ სასამართლოს ინფორმაციას.

ყველა გამოკითხული ექსპერტი იძახის იმას, რომ იყო ნივთები წარმოდგენილი, მაგრამ რა მდგომარეობაში იყო, იყო თუ არა ქილებიდან სითხე გადმოსული, რა დოზით იყო მასში მოთავსებული კონკრეტული ნივთიერებები და იყო თუ არა დასველებული ნაჭერი, რომელიც თითქოს „მოლოტოვის კოქტეილის“ დანიშნულებით გამოსაყენებლად სავალდებულო პირობას ქმნიდა, ეს ინფორმაცია ექსპერტებმა არ იცოდნენ. მოგვიანებით დასკვნით ნაწილში აუცილებლად შევაფასებთ ამ საკიხთხებს“, – განაცხადა ჭიკაიძემ.

OSZAR »