ადვოკატი: ანტონ ჩეჩინს უკანონოდ აუღეს ნერწყვი, რაც შემდგომ დაიტანეს შესაფუთ მასალაზე

პუბლიკა

აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინის პროცესზე დღეს საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს, მათ შორის სხდომაზე საქმეში არსებული ნარკოტიკული საშუალებაც წარადგინეს.

დაცვის მხარემ სხდომაზე კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულს ჩაუდეს, შემდეგ კი ბიოლოგიური ნიმუში – ნერწყვი – მასზე ხელოვნურად დაიტანეს.

„ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ანტონ ჩეჩინის ბიოლოგიური ნიმუში აღმოჩნდა შესაფუთ მასალაზე, ეს არ იყო დაცვის მხარისთვის მოულოდნელი, ვინაიდან ანტონ ჩეჩინი თავიდანვე ამბობდა, თუ როგორ ხელოვნურად მოხდა ბიოლოგიური ნიმუშის დატანა შესაფუთ მასალაზე.

…როდესაც ჩეჩინი გადაიყვანეს დეპარტამენტის შენობაში [ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი – ცეკაპედე], მითხრეს, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე პირის ღრუ უნდა შეგიმოწმოთო. გამოიყენეს ხელთათმანი, პატარა ოთახში შეყუჟეს, რა დროსაც უკანონო გზით პირის ღრუდან აიღეს ნერწყვის ნიმუში, შემდგომ კი ამის დატანა მოხდა ნარკოტიკული ნივთიერების შეკვრაზე“, – ამბობს ადვოკატი გიორგი ჩხეიძე.

მისივე თქმით, შემდგომ ნერწყვის ნიმუში საქმეში ოფიციალურადაც აიღეს, რათა დანიშნული ბიოლოგიური ექსპერტიზა.

„ბიოლოგიურმა ექსპერტმა წინა სხდომაზე დაადასტურა, რომ მათ შორის ამ ფორმითაც – ხელთათმანის გზითაც შესაძლოა, მოხდეს ბიოლოგიური ნიმუშით გადავიდეს ამა თუ იმ მასალაზე. აქედან გამომდინარე საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულებებთან შემხებლობასა და ფლობას ექსპერტიზის ეს დასკვნა ვერ დაადასტურებს“, – განაცხადა ადვოკატმა.


ჩეჩინი ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებითაა დაკავებული და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჩეჩინი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება.

OSZAR »