დღეს, გამთენიისას 6-მა ამერიკულმა B -2 ბომბდამშენმა თვითმფრინავმა ირანში ბირთვულ ობიექტებზე ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე, 12 ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი ჩამოაგდო.
“დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში, სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, ნათანზსა და ისპაჰანში… მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
ამის შემდეგ ამერიკის პრეზიდეტმა ხალხს მიმართა:
“ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მოძალადემ, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მომავალი თავდასხმები გაცილებით უფრო მასშტაბური და მარტივი იქნება…ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. ან იქნება მშვიდობა, ან ირანისთვის ტრაგედია იქნება, გაცილებით დიდი, ვიდრე ბოლო რვა დღის განმავლობაში ვნახეთ. გახსოვდეთ, ბევრი სამიზნე დარჩა“. – თქვა მან.
„ჩვენი მიზანი ირანის ბირთვული გამდიდრების სიმძლავრის განადგურება და მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველი სპონსორი სახელმწიფოს მიერ შექმნილი ბირთვული საფრთხის შეჩერება იყო“, – თქვა ტრამპმა.
„40 წლის განმავლობაში ირანი ამბობდა: „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“. ისინი კლავდნენ ჩვენს ხალხს, გვაფეთქებდნენ. ჩვენ 1000-ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ და ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში მათი სიძულვილის შედეგად“, – ამბობს ამერიკის პრეზიდენტი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს გამოეხმაურა – “ამას „მარადიული შედეგები“ ექნება – დაწერა მან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით კი, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ისტორიას შეცვლის.
„გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი გაბედული გადაწყვეტილება, მიზანში ამოგეღოთ ირანის ბირთვული ობიექტები აშშ-ის საოცარი და სამართლიანი ძალით, ისტორიას შეცვლის. პრეზიდენტი ტრამპი და მე ხშირად ვამბობთ: „მშვიდობა ძალის მეშვეობით“. პირველ რიგში ძალაა, შემდეგ კი მშვიდობა მოდის. პრეზიდენტმა ტრამპმა და შეერთებულმა შტატებმა დიდი ძალით იმოქმედეს“, – თქვა ნეთანიაჰუმ.