აქციების დროს დაკავებულ დავით ლომიძის წერილი „პუბლიკას"

დავით ლომიძე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 დეკემბერს დააკავეს, არსებითი განხილვის სხდომას დღეს, 5 ივნისსს პირველად დაესწრო.

ლომიძეს პატიმრობის პერიოდში ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და არსებითი განხილვის პროცესებზე ამ დრომდე არ ყოფილა.

ოჯახის ცნობით, დავით ლომიძეს წარსულში ხერხემალზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, რაც დაკავების დროს ცემის შედეგად გაურთულდა და დამატებითი ოპერაცია დასჭირდა, რომელიც მას უკვე კლინიკა „ვივამედში” გაუკეთეს.

მან „პუბლიკას” წერილი მისწერა, სადაც საუბრობს დაკავებისას მიკროავტობუსში ცემისა და დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეის შესხმის შესახებ.

„გამარჯობა, მე დავით ბიჭიკოს ძე ლომიძე მოგიყვებით ჩემი დაკავების დროს ჩადენილ სამართალდარღვევებზე.

მე დამაკავეს რობოკოპებმა რუსთაველის კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავების დროს, როგორც მახსოვს, 5 ან 6 რობოკოპი იქნებოდა ჩაფხუტებითა და ხელჯოხებით. ადგილზევე დამაგდეს ასფალტზე და დამიწყეს ფეხებით ცემა.

ამ დროს ვიღაცამ (ანუ რობოკოპმა) დაიძახა, აქ ნუ ურტყამთ, დრონები არისო. ამის შემდეგ წამიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც დამხვდა ექვსი ახალგაზრდა ბიჭი, მე მეშვიდე ვიყავი.

მიკროავტობუსში სანამ ამიყვანდნენ, ჩამომართვეს ავტომანქანის გასაღები, საფულე, მხედველობის სათვალე და მობ. ტელეფონი. საფულეში მქონდა პირადობა, მართვის მოწმობა და მანქანის ტექ პასპორტი, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათები, კრედო ბანკის პლასტიკური ბარათები.

რაც შეეხება თანხას, მე ვარ ავეჯის ხელოსანი და მომხმარებელმა გადმომცა თანხა, შემიკვეთა სამზარეულო. აღნიშნული თანხა მქონდა თან. საფულის დათვალიერების დროს თანხა ამოიღო ერთმა რობოკოპმა და საქარე მინისკენ გადააგდო, ტორპედოზე.

ჩემი უკმაყოფილების შემდეგ შემაგდეს მიკროავტობუსში, ხელები უკან გვაქვს შეკრული შვიდივე დაკავებულს. გვერდით კარი იყო ღია, გაიღო უკანა კარი და ვისაც არ ეზარებოდა ყველა გვირტყამდა. გვერდით კარიდან ამოდიოდნენ და ცემით რომ იღლებოდნენ, უკანა კარიდან ჩადიოდნენ.

ეს გაგრძელდა სადღაც ორმოცი წუთი, ამის შემდეგ დახურეს უკანა კარი, ყველანი ჩავიდნენ ძირს და გვერდითა კარიდან შემოასხეს ცრემლსადენი ( წიწაკის სპრეი) და კარი დახურეს.

ეს ალბათ, როგორც მახსოვს, ათი-თხუთმეტი წუთი გრძელდებოდა. აღარ ვლაპარაკობ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რომელსაც არ იშურებდნენ ჩვენს მიმართ. შემდეგ მოხდა ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდი.

დამავლო ხელი ორმა რობოკოპმა და ავტომობილიდან ძირს გადამაგდო, ფეხზე დამაყენეს და რობოკოპების კორიდორში გამატარეს, რა დროსაც ყველა მირტყამდა.

გადამცეს სამ მასკიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირს, რომლებმაც ჩამსვეს მანქანაში და მითხრეს: „ნუ გეშინია, ჩვენ არ გირტყამთო”, მოიხსნეს მასკები და გადამიყვანეს დიღმის სამმართველოში. რაც შეეხება თანხას, რომელიც საფულეში მქონდა: 500ლ”, – წერს ის წერილში.


პროკურატურა ლომიძეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება:

„დავით ლომიძემ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ე.წ.  „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებასა და პოლიციელებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე”.

დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმე გაერთიანებულად განიხილება. საქმეში ფიზიკური დაზიანება დაზარალებულად ცნობილ პირებს არ აქვს.

OSZAR »