ბაჩიაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე დაიკითხა მძღოლი, რომელმაც ის საზღვარზე გადაიყვანა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართა.

საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განიხილავს.

სხდომაზე დაიკითხა შოთა ქარუმიძე, მძღოლი, რომელმაც ბაჩიაშვილი სომხეთის საზღვარზე გადაიყვანა.

თავისუფალი თხრობის დროს მოწმემ გაიხსენა, როგორ გაიცნო გიორგი ბაჩიაშვილი და როგორ სთხოვა მას, საზღვრის გადაკვეთაში დახმარებოდა.

„ვტაქსაობდი. მეგობარი დავით გელიაშვილი მეხმარებოდა, შეკვეთებს მაძლევდა თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, შეკვეთებს მიზიარებდა. ერთხელ მითხრა, მისმა მეგობარმა ჰკითხა, თუ ყავდა ადამიანი, რომელიც გადაზიდვა-გადმოზიდვაში დაეხმარებოდა. როგორც მახსოვს, პირველად პაკრიშკები მივიტანე, როცა მოხდა ბატონი გიორგის გაცნობა. იქ ვისაუბრეთ, ისეთი არაფერი არ ყოფილა. მერე წამოვედი.

მერე მეორედაც დამირეკა, ვფიქრობ, გიორგი იყო. ისევ მივედი მისამართზე, რაღაცები უნდა წამომეღო და ბატონმა გიორგიმ მითხრა, გამოგყვებიო. მეთქი რა პრობლემაა.

ჩავსხედით მანქანაში. მივდიოდით და ვსაუბრობდით. ამ ლაპარაკ-ლაპარაკში ჩემს ფინანსურ პრობლემებზე ვილაპარაკეთ, რაზედაც ბატონმა გიორგიმ დახმარება შემომთავაზა, რაზეც უარი ვთქვი თავიდან… ბოლოს ისე მოხდა, [მითხრა] რაღაც საქმე მინდა შემოგთავაზოო.

ადამიანი არისო და თუ შეგიძლიაო, საქართველოს საზღვარზე გადაიყვანოო. მეთქი ვინ არის, რა არის, როგორ არის, რა კრიმინალი აქვს ჩადენილი. არაო, კრიმინალი არ აქვს ჩადენილიო, უბრალოდ პოლიტიკურად დევნილიაო და უნდა, რომ ქვეყანა დატოვოსო, რომ არავინ გაიგოს მისი გასვლის შესახებო. თუ თანახმა იქნები, თანხა რამდენი გენდომებაო.

ვიფიქრე და 30 000 დოლარი ვუთხარი. კიდევ ჯერ არ შევთანხმებულვართ, მითხრა, მოიფიქრე კარგადო და 2-3 დღე მომცა. მეორე დღესვე შევეხმიანეთ ერთმანეთს და დავთანხმდი.

რის შემდეგაც ისევ შევხვდით ერთმანეთს და გადმომცა ტელეფონი და შევთანხმდით, რომ ამით ვისაუბრებდით. მომცა თანხა მანქანის შესასყიდად. ვიყიდე მანქანა. გავამზადეთ მანქანა, სათვალთვალო კამერა დავაყენეთ, შემდგომ მოხდა ის, რომ 28 თებერვალს უკვე გადასული ვიყავი სომხეთის საზღვარზე, მომწერა, თუ შეგიძლია, გადმოხვიდე ისევ უკანო.

დავბრუნდი უკან და მივიყვანე [მანქანა] საბურთალოზე „კინგ დავითის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დავტოვე  და წამოვედი. შემდგომ 2-ში უკვე მოხდა, რომ დამირეკა ისევ, იმ ადგილას ისევ წაიყვანე მანქანა და ამოდი ნუცუბიძეზეო. მეც მივედი, ავიყვანე მანქანა, წავედი და დამხვდა ბატონი გიორგი.

თავიდან არ ვიცოდი, ბატონი გიორგი რომ უნდა გადამეყვანა, მე მეგონა, რომ ვინმე სხვა იქნებოდა. მანქანაში რომ ჩამიჯდა და ვკითხე, საით უნდა წავიდეთ-მეთქი, მითხრა, მე მოვდივარო. სიმართლე გითხრათ, რაღაც ეჭვი კი მქონდა, რომ თვითონ იქნებოდა და გამიხარდა, რომ სხვა არ იყო.

რომ მივედით სომხეთის საზღვართან, სადახლოში, იქ გადავიდა სამალავში. საქართველოს საზღვართან მოხდა მანქანის დათვალიერება და რა თქმა უნდა, ვერ ნახეს ბატონი გიორგი და შემდეგ სომხეთის საზღვართან რომ გავედით, გადმოვიდა ბატონი გიორგი და გაიარა ოფიციალურად საზღვარი. მერე ჩავედით ერევანში და მე მოვბრუნდი უკან“, – თქვა შოთა ქარუმიძემ.

მოწმის განცხადებით, სამალავი საბარგულში, უკანა სავარძლებთან იყო მოწყობილი და საქართველოს საზღვრის გავლის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილი მანქანის სალონში ისე გადმოვიდა, რომ გარეთ გადასვლა არ დასჭირვებია.

მისივე თქმით. ბაჩიაშვილმა თანხა ერევნის აეროპოტში მისვლის შემდეგ გადასცა.

პროკურორის შეკითხვების საპასუხოდ მოწმემ განმარტა, რომ მანქანაში დამონტაჟებული კამერით გზას სწავლობდნენ.

„საზღვარზე დავდიოდი აქეთ-იქით, რომ შეგვესწავლა ის გამშვები პუნქტი როგორ მუშაობდა, ჩხრეკდნენ თუ არა.

შევთანხმდით, რომ ხშირად უნდა მევლო. ტურისტებზეც ვმუშაობდი. მითხრა, თუ იქნება ვინმე, რომ გადაიყვანო და გადმოიყვანო, არ არის მაგის პრობლემაო. რაც უფრო ხშირად გადახვალ და გადმოხვალ, უკეთესიაო. ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, რამდენჯერ გადავედი, ალბათ, 10-ზე მეტჯერ.

მე რომ ჩამოვდიოდი, მანქანას ვაჩერებდი. მეორე გასაღები ხომ ჰქონდა. მიდიოდა, კამერას იღებდა… და გადასვლა-გადმოსვლისთვის საჭირო ხარჯს მიტოვებდა მანქანაში… ადგილი გვქონდა შერჩეული ჩემს სახლთან ახლოს, ავლაბარში. მეც რომ გამოვსულიყავი და ახლოს ყოფილიყო მანქანა“, – თქვა მოწმემ.

შოთა ქარუმიძის დაკითხვის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს, რადგან საპატიმრო განაჩენი სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული და შესაძლებელია, რომ გაუქმდეს. მან გიორგი ბაჩიაშვილისა და შოთა ქარუმიძის პატიმრობები ძალაში დატოვა.


შოთა ქარუმიძეს ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიების ვერსიით, ის ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთაში დაეხმარა.

შსს-ს ცნობით, ამ საქმეში პოლიციამ ამოიღო ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის მეშვეობითაც გიორგი ბაჩიაშვილი და ბრალდებული პირი გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, 3800 აშშ დოლარი, 525 ლარი და 66,000 სომხური დრამი.

OSZAR »