ბოჭორიშვილი რუბიოზე: ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე კომენტარს აკეთებს.

„რუსთავი 2-თან“ საუბარში რუბიოს განცხადების შეფასებამდე მან ჯო უილსონის შეკითხვა გააკრიტიკა.

„ვიდრე რუბიოს პასუხზე ვისაუბრებდეთ, უნდა აღვნიშნოთ კითხვა, რომელიც გაჟღერდა კონგრესში და როგორ იყო ეს კითხვა ფორმულირებული. კითხვა, რომელიც დასვა ჩვენთვის კარგად ცნობილმა ჯო უილსონმა, სრულიად დეზინფორმაციულ ნარატივზე იყო აგებული. ყველა წინადადება, რომელიც გაჟღერდა საქართველოსთან მიმართებაში, იყო სრულიად დეზინფორმაციული. აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არცერთი მის მიერ გაჟღერებული პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს.

აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ალბათ უნდა შევაფასოთ ის, თუ რა კონტექსტში მოხდა საქართველოს საკითხის ხსენება კონგრესის დღევანდელ მოსმენაზე. მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა არჩევნებთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

თუ შევაფასებთ უილსონის კითხვას – სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში, ჩვენი პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია, იდეოლოგიურად რომ შევხედოთ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან.

ამ ფონზე, როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, ჩვენ მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ, რას შეეხებოდა განხილვა და რაზე იყო, ზოგადად, აქცენტები გაკეთებული.

ერთადერთი დასკვნა, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს. მთელი მოსმენის და არამხოლოდ მოსმენის, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ღერძი დღეს ტრიალებს ამერიკის ეროვნული ინტერესების გარშემო და ამაზეა საუბარი.

აქ არის მნიშვნელოვანი, რაზე საუბრობდნენ დღეს, რაზე საუბრობს დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაშინ როდესაც მან დასვა რეფორმის საჭიროების საკითხი, როდესაც მან შეაფასა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ჩავარდნად როცა საუბარი ეხებოდა USAID-ის ოფისებს, აშშ-ის საგარეო მოქმედებებს, როცა ეს ეფუძნებოდა USAID-ი საქმიანობას.

სახელმწიფო მდივანი ახორციელებს რეფორმას და აქცენტი კეთდება საელჩოების მიწოდებულ ინფორმაციაზე. საუბარი შეეხება, თუ რა უნდა იყოს ინფორმაციის წყარო“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რუბიოს განცხადების შემდეგ ჰქონდა თუ არა „ოცნებას“ კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოსთან და რა მოლოდინი აქვთ, რა ინფორმაციას მიაწვდის საელჩო აშშ-ს, რაზეც ბოჭორიშვილმა თქვა, რომ არ თვლის, რომ შეიძლება, საქართველოს ხელისუფლება შეფასდეს როგორც ანტიამერიკული, რადგან აშშ-სთან „სისტემურად კარგი თანამშრომლობა აქვთ.

წამყვანმა ბოჭორიშვილს რამდენჯერმე ჰკითხა, როგორ აღიქვა „ოცნებამ“ ჯო უილსონის მიერ ნათქვამი „ანტიამერიკულ მთავრობა“, რაც პასუხში მარკო რუბიომაც გაიმეორა, რაზეც მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ყურადღება უნდა მიექცეს  მარკო რუბიოს პასუხის დასაწყისს, სადაც მან მის ადრინდელ განცხადებაზე მიუთითა:

„თუ დააკვირდით, როდესაც პასუხის გაცემა დაიწყო, მინიშნება გააკეთა მისივე გამოსვლაზე. საუბარი იყო ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე და თუ როგორ უნდა იმოქმედონ, მიუხედავად სად როგორი ხელისუფლება და რეჟიმია, ესეც იყო ნახსენები, არა საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებით, და როგორი უნდა იყოს აშშ-ის ურთიერთობები სხვადასხვა ტიპის მთავრობებთან, იმისთვის, რომ ეროვნული ინტერესები იყოს დაცული. სახელმწიფო მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს ეკონომიკას და უსაფრთხოებას და ეს ის საკითხებია, რომელშიც სრული თანხვედრა არსებობს საქართველოს ხელისუფლებასთან და წარმოუდგენელია, როდესაც ასეთი თანხვედრა არსებობს იდეოლოგიური, იდეური, პოლიტიკური აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას და ჩვენს შორის, ამ ხელისუფლებას უწოდო ანტიამერიკული. მე ვერ მივიღებ განცხადებას განცხადებად, ეს იყო კომენტარი ჯო უილსონის დასმულ შეკითხვაზე და პასუხი, რაც მივიღეთ, იყო ის, რომ პოლიტიკა შემუშავების პროცესშია.

ჩვენ ველით და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვრჩებით მოლოდინის რეჟიმში. ჩამოყალიბებული პოზიცია, დღესდღეობით, არ არსებობს“, – თქვა მან.

კონგრესმენმა ჯო უილსონმა მარკო რუბიოსთვის დასმულ შეკითხვაში „ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი“ მოიხსენია და თქვა, რომ ისინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ინტერესს ატარებენ.

„200 დღეა, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი ყოველდღე გამოდის ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტ ტრამპის ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა იქნება გაკეთებული, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტი-ამერიკულ „ქართულ ოცნებას“?

მარკო რუბიოს პასუხი შემდეგი იყო:

„როგორც უკვე ვთქვი, სახელმწიფო დეპარტამენტის მიზანი ჩვენი ეროვნული ინტერესების გატარებაა. ამიტომ, ჩვენ დავაკვირდებით მას და ვიტყვით, არის თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესი, ანტი-ამერიკული მთავრობა იყოს მმართველი მსოფლიოს ამ მნიშვნელოვან ნაწილში. და თუ არა, ჩვენ გადავდგამთ სათანადო ნაბიჯებს, რათა ამ მთავრობას ფასი გადავახდევინოთ. ეს საკითხი ახლა განხილვის პროცესშია.

ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს. დღეს არ შემიძლია იმის თქმა, თუ რას ვგეგმავთ კონკრეტულად, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც განიხილება. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისს, რათა მივაწოდოთ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა არის ის ზომები, რომელსაც ანტი-ამერიკული მთავრობა დაექვემდებარება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯო უილსონის შეკითხვის საპასუხოდ.

OSZAR »