დონალდ ტრამპი და ილონ მასკი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მილიარდერი ილონ მასკი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ.

ტრამპსა და მასკს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც მილიარდერმა ერთ-ერთი კანონპროექტი გააკრიტიკა, აშშ-ის პრეზიდენტმა კი ოვალურ ოფისში მას „იმედგამაცრუებელი“ უწოდა.

One Big Beautiful Bill Act არის ტრამპის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც აერთიანებს გადასახადების შემცირებას, ინფრასტრუქტურის ხარჯებს და საიმიგრაციო რეფორმებს.

მასკი კანონპროექტის წინააღმდეგია, რადგან, მისი თქმით, პაკეტი ელექტრონული ავტომობილების სუბსიდიებს ამცირებს და ხელს უშლის ხარჯების შემცირების ძალისხმევას.

მასკმა ამ კანონპროექტს „ამაზრზენი სისაძაგლე“ უწოდა და თქვა, რომ „ამის ატანა აღარ შეუძლია“.

მილიარდერი ასევე ამტკიცებს, რომ კანონპროექტი გაზრდის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტს.

ამის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში ილონ მასკი გააკრიტიკა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასკი „ძალიან იმედგამაცრუებელია“.

„მე და ილონს მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა. აღარ ვიცი, ეს ასე იქნება თუ არა“, – თქვა ტრამპმა.

მასკი ასევე გამოეხმაურა ოვალური კაბინეტიდან ტრამპის ვიდეოს, რომელშიც ის ამბობს, რომ მილიარდერმა იცოდა კანონპროექტის შესახებ.

„ტყუილია. ეს კანონპროექტი ერთხელაც კი არ უჩვენებიათ და ისე სწრაფად მიიღეს, რომ კონგრესში თითქმის არავის წაუკითხავს!“ – დაწერა ილონ მასკმა X-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ილონ მასკის საპასუხოდ თქვა, რომ მას „EV მანდატი ჩამოართვა, რომელიც ყველას აიძულებდა ელექტრონული ავტომობილების ყიდვას“.

ამის გამო კი, მასკი „უბრალოდ გაგიჟდა“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ფულის დაზოგვის უმარტივესი გზა ილონის სამთავრობო სუბსიდიებისა და კონტრაქტების შეწყვეტა“ იქნება.

საპასუხოდ კი ილონ მასკმა დაწერა, რომ ემხრობა ტრამპის იმპიჩმენტის დაწყებას.

მოგვიანებით მასკმა X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, მის გარეშე დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებდა:

„ჩემ გარეშე, ტრამპი არჩევნებს წააგებდა, „დემოკრატები“ გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას და „რესპუბლიკელები“ სენატში 51-49 იქნებოდნენ“, – დაწერა მან.

მასკმა ასევე დაამატა, რომ ტრამპის ტარიფები წლის ბოლომდე შეერთებულ შტატებს რეცესიისკენ უბიძგებს.

მილიარდერმა შემდეგ გამოაქვეყნა პოსტი, რომ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია ნახსენები: „ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ისინი არ გასაჯაროებულა. კარგ დღეს გისურვებთ, დონალდ ჯ. ტრამპ!“

„ეპშტეინის ფაილები“ დალუქული სასამართლო დოკუმენტები და მტკიცებულებებია, რომლებიც დაკავშირებულია ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის სექსუალური ტრეფიკინგის საქმესთან. დოკუმენტები, სავარაუდოდ, დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სიას შეიცავს.

დაპირისპირების ფონზე ილონ მასკის კომპანიის, Tesla-ს საბაზრო ღირებულება დაახლოებით 150 მილიარდით შემცირდა.

ეს Tesla-ს ისტორიაში ღირებულების ერთდღიანი ვარდნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

OSZAR »