DRI: „ოცნება“ მიზანმიმართულად იმეორებს ავტორიტარული რეჟიმების დამკვიდრებულ პრაქტიკას

პუბლიკა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად იმეორებს ავტორიტარული რეჟიმების დამკვიდრებულ პრაქტიკას – ამკაცრებს კანონმდებლობას, მაქსიმალურად ზღუდავს ინსტიტუციების ავტონომიას, აძლიერებს ძალოვან უწყებებს და ქმნის რეპრესიულ მმართველობის მოდელს.

DRI აცხადებს, რომ აღნიშნულის ერთ-ერთი მაგალითი პარლამენტში დაინიციირებული ცვლილებების პროექტებია, რომელთა მიხედვით, ძალადაკარგულად ცხადდება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და უწყების საგამოძიებო საქმეები პროკურატურის ქვემდებარეობაში გადადის. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ცვლილებები შედის „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და ის სუს-ის დაქვემდებარებაში ექცევა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის მარტში ცალკე უწყებად შეიქმნა, რასაც საფუძვლად „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის“ ფარგლებში შეთანხმებული ვალდებულება დაედო. DRI ამბობს, რომ სამსახურის მთავარი მანდატი მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი, დროული და დამოუკიდებელი გამოძიება წარმოადგენდა.

„მიუხედავად იმისა, რომ უწყებას ეფექტიანად არ შეუსრულებია დაკისრებული ვალდებულება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კი აშკარა იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პარტიული მიკერძოება და უფუნქციობა, „ქართულმა ოცნებამ“ ღიად თქვა უარი, ფორმალურად დამოუკიდებელი უწყების არსებობაზეც კი. შესაბამისად, დაინიცირებული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის მიხედვით სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე აუცილებელია დამოუკიდებელი, სპეციალიზებული უწყების არსებობა, რომელიც სწრაფად და ეფექტიანად გამოძიების სავარაუდო გადაცდომებს“, – წერია განცხადებაში.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაზვერვის სამსახურის შეერთებას, ორგანიზაცია ამბობს, რომ ამით „ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხი კიდევ უფრო უარესდება“.

„საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სადაზვერვო სამსახურების შიდა და საგარეო ფუნქციების შერწყმა ართულებს ზედამხედველობას და ზრდის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს. საქმიანობის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით უწყებები ცალ-ცალკე უნდა ფუნქციონირებდნენ. უსაფრთხოების სამსახურების დაინიცირებული მოდელი კი მოქმედებს რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთსა და სხვა არადემოკრატიულ ქვეყნებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლიდან დღემდე ჩამოყალიბდა დახურულ, ფართო უფლებამოსილების მქონე უწყებად, რომელიც არა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ, არამედ პარტიული ინტერესების გამტარებელ ორგანოდ იქცა. ამ ტიპის უწყებასთან დაზვერვის სამსახურის შერწყმა შეამცირებს ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობის ხარისხსა და საქმიანობის ეფექტიანობას, რის გამოც, შესაძლოა, ქვეყანა უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს“, – აცხადებს ორგამიზაცია.

 

 

OSZAR »