„გააუქმეთ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები" - OSCE/ODIHR კრიტიკული განცხადება

პუბლიკა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებით, სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს კანონმდებლობა, რომელიც სულ უფრო მეტად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას, ხელს უწყობს მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოში; ასევე ოპოზიციური ლიდერების ბოლოდროინდელი დაპატიმრებები.

„ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსების ბოლო დაპატიმრებებსა და გასამართლებას. ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას”, – განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა მარია თელალიანმა.

ODIHR განსაკუთრებული შეშფოთებით აღნიშნავს ბოლო თვეებში ათეულობით მომიტინგის დაკავებას და იმ ცნობებს, რომლებიც მიუთითებს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების დაუცველობაზე, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე მზარდ ზეწოლაზე მათი ლეგიტიმური საქმიანობის შესრულებისას.

ODIHR გამოხატავს სინანულს საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოხატული განზრახვის გამო, არ მოიწვიონ ოფისი მომავალი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად, რაც წარმოადგენს გადახვევას იმ გრძელვადიანი პრაქტიკიდან, რომელსაც საქართველო ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მისდევდა. ODIHR მზად არის გააგზავნოს სადამკვირვებლო მისია იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დროულად გაგზავნის ოფიციალურ მოწვევას – გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გასაძლიერებლად.

„ODIHR კვლავ ერთგულია საქართველოს მხარდაჭერისა ეუთოს ვალდებულებების შესრულების პროცესში და იმედს ვიტოვებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებას ყველასთვის”, – დასძინა მარია თელალიანმა.

OSZAR »