განათლების სამინისტრო ინკლუზიური განათლების სამმართველოს გაუქმებაზე:
ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო.
განათლების სამინისტრო, ინკლუზიური განათლების სამმართველოს გაუქმებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
უწყების ცნობით „სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო. შედეგად, აქამდე არსებული ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა.“ – ვკითხულობთ უწყების გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა და ამას მოწმობს 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და 2024 წლიდან მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოება, როცა მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატა.
„მანდატურის სამსახურში ფუნქციონირებს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ მიმდინარე და ახალ სერვისებზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა და გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი.“ – წერია განცხადებაში.
ინკლუზიისა და ადრეული განათლების სპეციალისტმა, ცირა ბარქაიამ, დღეს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს გაუქმებაზე ინფორმაცია გაავრცელა.
„გუშინ გვიან ღამე ოფიციალურად შევიტყვეთ, რომ განათლების სამინისტროში გაუქმდა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო. ეს ე.წ. რეორგანიზაციის ნაწილია — რეალურად კი ძალაუფლების კონცენტრაციის, პასუხისმგებლობის გაქრობის და პროფესიონალების სისტემიდან განდევნის მექანიზმი. ცხადია, სამმართველოს გაუქმება არ ნიშნავს სისტემურ წარმატებას. ინკლუზია არ გაძლიერებულა ისე, რომ მის მხარდაჭერას აღარ სჭირდება სპეციალური სტრუქტურა. პირიქით — ეს ნიშნავს, რომ ინკლუზია აღარც პრიორიტეტია და აღარც მინიმალური ვალდებულება. ვისაც ამ სფეროში ოდესმე უმუშავია, იცის: ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი ბერკეტი, რომელიც პროფესიაზე, ადამიანებზე, შედეგზე ორიენტირებული მუშაობის საშუალებას გვაძლევდა — წინააღმდეგობების მიუხედავად.
ახლა კი გაუქმდა სტრუქტურა, რომელიც იცავდა იმ ბავშვებს და მასწავლებლებს, ვისაც ყველაზე ხშირად არ უსმენენ.
2007 წელს ამ გზას როცა დავადექი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ 2025-ში ისევ თავიდან მოგვიწევდა ახსნა, რატომ სჭირდება ქვეყანას ინკლუზიური განათლების ინსტიტუციური მხარდაჭერა. ეს გადაწყვეტილება ერთ სამმართველოს კი არა, ხედვას, ღირებულებებს და მომავალზე ზრუნვას აუქმებს. ეს ნაბიჯი კიდევ ერთი ნაპრალია. ბაპრალი, რომელიც ჩამოშლის ქვეყანას. გაიტანეთ გრენლანდია.”. – წერს ინკლუზიისა და ადრეული განათლების სპეციალისტი, ცირა ბარქაია.