ირაკლი კობახიძემ დონალდ ტუსკის განცხადებას მუქარა და შანტაჟი უწოდა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებას მუქარა და შანტაჟი უწოდა.

დონალდ ტუსკმა 11 ივნისს, პოლონეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შესახებაც ილაპარაკა და თქვა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის ქვეყნებთან ლობირებს, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს.

„ჩვენ ვაგროვებთ საჭირო უმრავლესობას, რომ შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან. დიახ, ეს არის ჩემი განზრახვა, იმის სრული გათვალისწინებით, რომ ქართველების მესამედი არის ხალხი, ვისაც ძალიან სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა არის პრობლემა“, – თქვა დონალდ ტუსკმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის „მუქარა ქართველი ხალხის მიმართ“.

„მე იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის შანტაჟი, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა, რეალურად, ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა, ასეც და ისეც, ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა 2017 წელს დააწესა.

ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვას სჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა, ანუ საჭიროა 27 წევრიდან 15 ქვეყნის ხმები.

ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი 27 იანვარს შეუჩერა.

OSZAR »