როგორ შეიძლება დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები? – ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა.
ონლაინ გამოცემა „ტაბულა“ აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი მოიგო, თუმცა, „ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონმდებლობისა და ქმედებების გამო, ბრიტანეთმა პროექტი გააუქმა.
„რეალურად აქ საქმე გვქონდა ჩვენ პარტიების ირიბ დაფინანსებასთან, ცალკეულ შემთხვევებში, იგივე რომ ავიღოთ მაგალითად „ტაბულა“ ან „მომავლის აკადემია“, ჩვენ ვიცით, რომ ერთიც და მეორეც არის პარტიული დანამატი, საქართველოში კანონით და კონსტიტუციით არის მოწესრიგებული პარტიების დაფინანსების საკითხი და როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში საქართველოშიც აკრძალულია პოლიტიკური პარტიების გარედან დაფინანსება. გარდა ამისა, მე ვსაუბრობდი ექსტრემიზმის დაფინანსებაზე, როცა ასეთ პარტიულ დანამატებს აფინანსებ, რა თქმა უნდა, ესეც არის თავისთავად ექსტრემიზმის წახალისება…
რითაც არის დაკავებული მაგალითად „ტაბულა“, რითაც არის დაკავებული მაგალითად ე.წ. მომავლის აკადემია, მანამდე იყო „ფრანკლინის კლუბი“ – ისინი ექსტრემიზმით არიან დაკავებული და როგორ შეიძლება დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, მიუღებელი, პირდაპირ ამ ორგანიზაციებს განასახიერებენ პოლიტიკოსები, სწორედ, კონკრეტული პოლიტიკოსები არიან ასოცირებული ექსტრემიზმთან ჩვენს ქვეყანაში და აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ხელისუფლების მხრიდან ვერ ექნება მხარდაჭერა ასეთი ტიპის ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას და ზოგადად ქვეყანაში ექსტრემიზმის მხარდაჭერას“, – აცხადებს კობახიძე.
ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონის გამო, გრანტების დამტკიცების პროცედურები ჯერ არ არის დასრულებული, რის შესახებაც „ქართულმა ოცნებამ“ საელჩოს აცნობა. საელჩოს ინფორმაციით, „ამ გაურკვევლობის გამო“, გააუქმეს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“.
მოგვიანებით კობახიძის ამ განცხადებას გამოეხმაურა „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი.
როგორც გავრცელებულ განცხადებასია ნათქვამი, კობახიძის აღნიშნული განცხადებას განიხილავენ, როგორც „ ტაბულას მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობად.“
„რეჟიმის ერთ-ერთი პრეტენზიაა, თითქოს, ტაბულა მათ არ აღიარებს. შევახსენებ ივანიშვილის წარმომადგენლებს, რომ ტაბულას არ გააჩნია ვინმეს აღიარების ან არაღიარების ლეგიტიმაცია. ის, რომ რეჟიმს ივანიშვილისას ვუწოდებთ, ფაქტებზეა დაფუძნებული.
სრულიად აბსურდულია ის ბრალდებაც, რომ ტაბულა რაიმე ფორმით აპირებდა თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლას. ეს ჩვენი საქმე არ არის. საგრანტო პროექტი, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა მიზნად ისახავდა ყველა პოლიტიკური აქტორის დღის წესრიგის მწვავე კრიტიკას და ამომრჩევლის ინფორმირებას, რასაც ყოველი არჩევნების წინ აკეთებს ტაბულა“,- ნათქვამია განცხადებაში.