კობახიძე: სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიებს აეკრძალებათ. მისი თქმით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.

„დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები, შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ, იმისთვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს. სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

კობახიძის თქმით, „ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს“, რომ „დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით ბენზოდიაზეპინების მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება“, რაც, მისი თქმით, საზოგადოების საფუძვლიან ეჭვს ამყარებს, რომ იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

კობახიძემ „ქართული ოცნების“ პარლამენტს მიმართა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებული წესით, მომავალ კვირაში მიიღოს.

OSZAR »