კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული არხების წინააღმდეგ „ოცნების“ საჩივრები დასაშვებად ცნო

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ პარტია „ქართული ოცნების“ საჩივრები დასაშვებად ცნო. საჩივრების არსებითი განხილვა 19 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება.

პარტიამ ტელეკომპანიებს ისეთი ფრაზების გამოყენების გამო უჩივლა, როგორებიცაა: „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“, „კლანის სასამართლო“ და ა.შ.

„ოცნების“ საჩივრები პირველია, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგად უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ განხილვაში მიიღო.

„ოცნების“ პოზიციას სხდომაზე ნათია ბოკუჩავა აჟღერებდა. მისი თქმით, „ტვ პირველთან“ მიმართებაში სადავოდაა ქცეული დაახლოებით 14 საინფორმაციო ჩანაწერი და 5 ე.წ. ქარდი.

„თოთხმეტივე საინფორმაციო ჩანაწერში და მათ შორის საინფორმაციო ქარდებში საუბარია პოლიტიკის მიმდინარე საკითხებზე, ქვეყანაში მიმდინარე საკითხებზე, შესაბამისად, პირდაპირ, უშუალო გავლენას ახდენს ჩვენზე. ამასთან, წარმოდგენილია ყველაფერი მიკერძოებით, ბალანსის დაუცველად და მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესების საწინააღმდეგოდ“,  – თქვა მან.

„ტვ პირველის“ იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, კომისიას მსგავს თემებზე გადაწყვეტილება აქამდე მიღებული არ აქვს და იქმნება ახალი პრაქტიკა – „ამ ახალი პრაქტიკის შექმნის დასაწყისში, აუცილებელია გაითვალისწინოს, პირველ რიგში, მაუწყებლის და მაყურებლის ინტერესი და მოთხოვნა, მაუწყებლისა და ჟურნალისტების უფლებები, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხი და  დაიცვას ბალანსი მომჩივნის ინტერესებსა და ჩამოთვლილ საკითხებს შორის“.

მისივე თქმით, საჩივარშივე კარგად ჩანს, რომ ჟურნალისტმა ფაქტი გამიჯნა მოსაზრებისგან.

რაც შეეხება „ფორმულას“ წინააღმდეგ საჩივარს, ნათია ბოკუჩავას თქმით, სადავოდაა გახდილი საინფორმაციო გადაცემის 7 ჩანაწერი და ერთი ე.წ. ქარდი.

„ამ საჩივრის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ არის ის, რომ მაუწყებლებმა უზრუნველყონ ახალი ამბები და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, კანონში შეტანილი ცვლილებები სავალდებულოა ყველასთვის, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს ეს ვინმეს“, – თქვა ნათია ბოკუჩავამ.

„ფორმულას“ იურისტის, ეთერ ქათამაძის თქმით, კანონი, რომელსაც საჩივარი ეხება ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, თუმცა ამ დრომდე კომუნიკაციების კომისიისგან ტელევიზიას არ მიუღია არანაირი განმარტებები, მითითებები თუ გზამკვლევები, რაც უზრუნველყოფდა კანონის განჭვრეტადობას.

„ანუ ახლა ვიმყოფებით მოცემულობაში, როდესაც ნებისმიერი სიტყვა და ნებისმიერი ფრაზა შეიძლება გახდეს სადაო, რომელიც არ მოეწონება ქართულ ოცნებას და შეიძლება გადავიდეთ დაუსრულებელი საჩივრების განხილვის პროცესში, თუ ამ საჩივარს დასაშვებად ცნობს კომისია“, – თქვა მან.

მისივე შეფასებით, ახლა ცენზურის პირდაპირი საშიშროების წინაშე ვართ.


„ქართული ოცნების“ პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები 1 აპრილს მიიღო. ამ ცვლილებებით მაუწყებლების დაფინანსებისა და მუშაობის სტანდარტები დარეგულირდება.

დაფინანსების აკრძალვა „უცხოური ძალისგან“ მიღებულ პირდაპირ და ირიბ დაფინანსებას უკავშირდება, ხოლო მუშაობის სტანდარტებთან დაკავშირებით, „ოცნება“ ამტკიცებს, რომ დანერგავენ ე.წ. ბრიტანულ მოდელს, რომლითაც ხარისხიანი და ობიექტური ინფორმაცია იქნება უზრუნველყოფილი. საკითხები, რომლებიც მედიის თვითრეგულირების მექანიზმს ექვემდებარებოდა, კანონის რეგულირების სფეროში გადადის.

საკითხები, რომელიც მაუწყებლის ქცევის კოდექსით იყო განსაზღვრული, „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ჩაიწერა.

OSZAR »