„ბაჩიაშვილის ვერსია სუს-ის პრესტიჟს ამაღლებს, გთხოვთ, არ უარყოთ. ამ ვერსიით, ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სპეცოპერაცია და წამოიყვანა მსჯავრდებული, ასეთი რამ კინოებში გვინახავს”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას ანრი ოხანაშვილზე.
„ძალიან გთხოვთ, ყველას, არ უარყოთ ეს ვერსია, თუ შეიძლება. ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს, ამ ვერსის თანახმად ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და წამოიყვანა მსჯავრდებული საქართველოსი სხვა ქვეყნიდან. ასეთი ოპერაციების შესახებ კინოებში გვინახავს, გაგვიგია და დიდი ინტერესით მიყურებია, ამიტომ მოდი არ უარვყოთ ეს ვერსია…
კიდევ უფრო სერიოზულად თუ მკითხავთ, მე როგორც ვიცი, გამოძიებას მიმართა [ბაჩიაშვილმა], და ბუნებრივია, არსებობს ვალდებულება იმის შესახებ, რომ დეტალურად იქნეს გამოძიებული ასეთი საკითხები. მათ შორის მისი დაკავების დეტალები, და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება გასცემს ასევე დეტალურ და ამომწურავ პასუხს ყველა კითხვას.
თუმცა მე წინააღმდეგობას მის მიერ გახმოვანებული ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, ძალიან მომწონს და ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ”, – განაცხადა მდინარაძემ.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილის დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბორტზე, რომლითაც ის გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.
„ბატონი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. და ახლა ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი. ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. გამაგებინეთ, მე როგორ ვიპოვო სამართალი? სად დავიცვა თავი?”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა