მეგრელიშვილი: სამინისტროში 21-წლიანი მუშაობის შემდეგ შემიწყვიტეს კონტრაქტი, სამსახურში დატოვებისთვის მომთხოვეს ჩუმად ყოფნა

პუბლიკა

ნოე მეგრელიშვილი, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი იყო, სოციალურ ქსელში წერს, რომ 21-წლიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მეგრელიშვილი ამბობს, რომ სამსახურის შესანარჩუნებლად ჩუმად ყოფნა მოსთხოვეს.

„ჩახლართული ამბავია, მაგრამ მოკლედ ვიტყვი:

მითხრეს, რომ პატივს მცემენ როგორც პროფესიონალს და ადამიანს, მაგრამ სამსახურში დატოვებისთვის მომთხოვეს ჩუმად ყოფნა.

სამინისტროში 21-წლიანი მუშაობის შემდეგ ისე შემიწყვიტეს კონტრაქტი, რომ ოფიციალურად არც კი მითხრეს მიზეზი. როგორც ჩანს ჩემი პასუხი არ მოეწონათ. ისე კი, ყველაფერი ცხადზე უცხადესია.

ალბათ, ამის გამო ჩემ შვილებს ბევრი რამ მოაკლდებათ, სამაგიეროდ არც სარკეში და არც მათ თვალებში ჩახედვის შემრცხვება, როდესაც ვასწავლი რა არის ადამიანობა, ქრისტიანობა, ღირსება, მეგობრობა და ქართველობა.

მჯერა, საქართველოში ვერასდროს მოიკიდებს ფეხს დიქტატურა. მჯერა, რომ ჩვენი მომავალი ცივილურ დემოკრატიულ სამყაროშია და არა ავტოკრატიულ წყვდიადში!”, – წერს მეგრელიშვილი.

„პუბლიკა” მეტი დეტალის გასარკვევად დაუკავშირდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.


მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ უარს ამბობს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, საქართველოში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა კი გაავრცელეს პეტიციები, რომლითაც დაგმეს როგორც ევროინტეგრაციის შეწყვეტა, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ძალადობა.

ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების გაპროტესტების შემდეგ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სამსახურიდან ასობით ადამიანი გაათავისუფლეს. მათი დიდი ნაწილი თავს პოლიტიკური ნიშით რეპრესიის ობიექტად აღიქვამს.

გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა შექმნეს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „კონსტიტუციის 78-ე მუხლი”. მათი ინფორმაციით, აპრილის მონაცემებით, საჯარო სამსახურიდან 700-მდე პირი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მხარი დაუჭირეს ევროინტეგრაციის პროცესს.

OSZAR »