„ოცნების“ მთავრობამ „რიყის დოქების“ დემონტაჟის უფლება გასცა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობამ „რიყის დოქების“ დემონტაჟის უფლება გასცა. ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ და „ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დაადასტურეს.

შეკითხვაზე, თუ რა უნდა აშენდეს „რიყის დოქების“ ნაცვლად, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ დეტალებს მომავალში გაივლიან, თუმცა არ გამორიცხავს, რომ „შეიძლება, თუნდაც სასტუმროც“ აშენდეს.

„რიყის დოქები“ არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე და შესაბამისად, საჭიროა კარგი პროექტის განვითარება, რომელიც ურბანულადაც ლამაზად ჩაჯდება აღნიშნულ არეალში და იქნება ფუნქციონალური. მოხდება მისი დემონტაჟი და იგივე მოცულობის პროექტი განხორციელდება, შეიძლება იყოს სხვა ფორმით. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ახალი ტერიტორია უნდა გამოიყოს და იქ უნდა აშენდეს ახალი შენობა?! აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე, სადაც იდგა შენობა-ნაგებობა, იგივე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდეს… შეიძლება, თუნდაც, სასტუმროც. ვნახავთ, გავივლით,“ – თქვა კალაძემ.

„ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „მახინჯი [რიყის] დოქების ადგილას კონკრეტული პროექტი განხორციელდება, რომელიც ძველი თბილისის იერსახესთან თანხვედრაში იქნება.

„მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე, იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილას. რა აშენდება, ეგ დაზუსტდება მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან“, – თქვა კობახიძემ.

შეკითხვაზე, იმავეს უპირებენ თუ არა „მშვიდობის ხიდს“, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არა.

კობახიძის 6 მაისის განკარგულებით ირკვევა, რომ „რიყის დოქების“ დემონტაჟი იგეგმება და იქ, შესაძლოა, სასტუმრო აშენდეს.

ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „რიყე დომს“ შორის 2022 წელს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების მიხედვით, ადგილზე სასტუმროს შექმნა შესაძლოა, მოიცავდეს მათ შორის სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებასაც.

დოკუმენტის თანახმად, „რიყე დომს“ ადგილზე არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის უფლება ექნება მას შემდეგ, რაც ქონების ეროვნულ სააგენტოს სამხარაულის მიერ დადგენილ დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების საორიენტაციო საბაზრო ღირებულებას წარადგენს.


2022 წელს თბილისის ცენტრში მდებარე ე.წ. „რიყის დოქების“ კომპლექსი მეშვიდედ გამოცხადებულ აუქციონზე 10 მილიონ ლარად გაიყიდა. „რიყის დოქები“ ლუქსემბურგში რეგისტრირებულმა ფირმამ, Global Victory Trust-მა შეიძინა. ამ კომპანიის აქციონერია კომპანია „გლობალ ვიქტორი ინვესტმენტი“, რომელიც დარეგისტრირებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მას მარიამ ხიდაშელი ფლობს და ხელმძღვანელობს, ხოლო კომპანიის დირექტორატშია ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი.

ხელშეკრულების თანახმად, დოქების მფლობელ კომპანიას 3 წლის განმავლობაში არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყო.

2025 წლის 5 მაისს ცნობილი გახდა, რომ დავით ხიდაშელის ოჯახმა „რიყის დოქები“ გაყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მისი მფლობელი შპს „რიყე დომ“ გახდა, რომლის 100 %-იან წილსაც ფლობს შპს ნ.გ.ბ. თავის მხრივ, ნ.გ.ბ-ის მფლობელი თორნიკე კოპალიანია.

OSZAR »