ნიკა გვარამია დააკავეს

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია  რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დააკავეს, სადაც ის თვითონ მივიდა.

„ოლიგარქია უნდა დაემხოს! დიდება საქართველოს!“ – თქვა ბორკილების დადების შემდეგ გვარამიამ.

როგორც შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, ნიკა გვარამია გარკვეული პროცედურების გასავლელად ჯერ რუსთავის პოლიციის სამმართველოში გადაჰყავთ, შემდეგ კი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნებენ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, გვარამიას თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გირაოს გადაუხდელობის გამო გირაო პატიმრობით შეუცვალა.

ნიკა გვარამია დღევანდელ პროცესზე სასამართლოში არ გამოცხადებულა და ის პირდაპირ რუსთავის ციხესთან წავიდა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.

ამავე საქმის ფარგლებში პატიმრობა აქვთ შეფარდებული კოალიციის სხვა ლიდერებს, ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მელიას.

OSZAR »