„ქართული ოცნების“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა რომეო მიქაუტაძის შესახებ თქვა, რომ სუსი მუშაობს, რათა „ნათელი მოეფინოს“, როგორ აღმოჩნდა აღნიშნული ტიპის დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის მიღმა.
განცხადება მან „ოცნების“ პარლამენტში სუსის 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
„რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დააკავეს ერთ-ერთი ყოფილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, კითხვებს აჩენდეს ამ პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად თქვენი მხრიდან ისიც, თუ როგორ აღმოჩნდა აღნიშნული ტიპის დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა. შესაძლებელია, ეს იყოს ბუნებრივი შეკითხვა, თუმცა ამ მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ და ყველა საკითხს ნათელს მოვფენთ. გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს, თუ როგორ მოახერხა მან შესაძლო დანაშაულებრივი სქემის რეალიზება“, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.
სუსის ანტოკორუფციულმა სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე 20 ივნისს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა.
კერძოდ, რომეო მიუქაუტაძეს, რომელსაც 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა, 2 556 192 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი ლეგალიზაციას ედავებიან. პროკურატურის განცხადების თანახმად, მიქაუტაძემ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება 2021 წლიდან დაიწყო.
მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2019 წლის 17 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა. თანამდებობიდან ის 2025 წლის 2 აპრილს წავიდა.