თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ახალი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1 ნაწილით წარუდგინეს, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.
ინფორმაცია პროკურატურამ „ტაბულას” და „ნეტგაზეთს” დაუდასტურა.
მუხლი ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით; ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
მანამდე ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა თქვა, რომ ბრალი „ბანალურ, ყოფით საქმეზეა“ და ის ორი წლის წინ მომხდარს უკავშირდება.
ირაკლი ოქრუაშვილი ახლა თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გირაოს გადაუხდელობის გამოა დაკავებული.
ირაკლი ოქრუაშვილი 14 მაისს სასამართლოს დარბაზში დააკავეს. წულუკიანის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის განაჩენი მომდევნო სხდომაზე გამოცხადდება.
წულუკიანის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს. განაჩენის მოლოდინში არიან ნიკა მელია და ნიკა გვარამია.