„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გამოყენების შესახებ.
ორგანიზაციის ცნობით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მსგავსად, შეიცავს მხოლოდ ზოგად, ბუნდოვან და აბსტრაქტულ მსჯელობას. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ნინო დათაშვილის მხრიდან არსებობს „დანაშაულებრივი” საქმიანობის გაგრძელების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. თუმცა, აღნიშნულ საფრთხეებს ფაქტობრივი გარემოებებით ვერცერთი ინსტანცია ვერ ადასტურებს.
სააპელაციო საჩივარში PHR-მა მიუთითა ყველა ის გარემოება, რომელიც ადასტურებდა, რომ ნინო დათაშვილის მხრიდან არ არსებობდა „დანაშაულებრივი” საქმიანობის გაგრძელების, გამოძიებისგან მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. შესაბამისად, პატიმრობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება იყო უკანონო.
„სააპელაციო სასამართლო განჩინებაში განმარტავს, რომ ნინო დათაშვილის მხრიდან იმდენად მაღალია მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ამცირებს მითითებულ რისკებს და გავლენას ვერ ახდენს პატიმრობის მართლზომიერებაზე. კონკრეტულად რა გარემოებებზე დაყრდნობით მსჯელობს სააპელაციო სასამართლო საფრთხეებზე, განჩინებაში მითითებული არ არის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციის მიხედვით, PHR საჩივარში უთითებდა, რომ ნინო დათაშვილი თავად იყო მანდატურის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, შესაბამისად, უდანაშაულო ქალი იმყოფებოდა პატიმრობაში.
ასევე, PHR-მა მოითხოვა ზეპირი მოსმენის ჩანიშვნა, რადგან სასამართლო პროცესზე, ნინოს თხოვნის მიუხედავად, მოსამართლემ არ განმარტა მისთვის გირაოს გამოყენებაზე უარის საფუძველი. სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითხებზე არ მსჯელობს.
PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში 23 ივნისს გაასაჩივრა.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნინო დათაშვილს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმის წარმოება ნინო დათაშვილის მიმართ შსს-მ 11 ივნისს დაიწყო, ხოლო 20 ივნისს დააკავეს.
საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს. ამ დღეს ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ დროს იმყოფებოდა, როცა სინდისის 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობდა.
დათაშვილი ამბობდა, რომ პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამის შემდეგ ნინო დათაშვილი პროტესტის ნიშნად ფანჯარასთან, რაფაზე ჯდება და იწყება სიტყვიერი დაპირისპირება დათაშვილსა და მანდატურს შორის, რის შემდეგაც მანდატური იწყებს ადგილიდან მის ძალით გაყვანას.
ნინო დათაშვილი კვლავ იმეორებს და მოუწოდებს მანდატურს, უთხრას, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე ეკრძალება ადგილზე ყოფნა.
ამის შემდეგ ადგილზე ჩნდება რამდენიმე მანდატური, რომლებსაც ძალის გამოყენებით მიჰყავთ დათაშვილი. კადრში ჩანს როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.
საბოლოოდ, მანდატურებმა ნინო დათაშვილი ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.