ფრანგი ფოტოგრაფი, მარილიზ ვინიო საქართველოში არ შემოუშვეს.
მისი თქმით, მესაზღვრეებს უარის მიზეზად „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ დაუსახელეს.
ფოტოგრაფმა ფაქტთან დაკავშირებით განცხადება დაწერა, რომელშიც ჰყვება საზღვარზე მისი გაჩერების პროცედურას.
მარილიზ ვინიო 11 ივნისს ქუთაისში ჩამოფრინდა ვენიდან. ფოტოგრაფი ჰყვება, რომ საპასპორტო კონტროლზე ოფიცერმა მის პასპორტში ბეჭედი დაარტყა, თუმცა შემდეგ პასპორტი არ დაუბრუნა და არც საზღვარზე გადაუშვა.
„დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კიდევ ერთი ოფიცერი გამოჩნდა. ხელში ჩემი ფრანგული პასპორტი ეჭირა და მთხოვა, პატარა ოფისში გავყოლოდი. მისი პირველი შეკითხვა, გასაკვირია, რომ იყო: „რუსულად ლაპარაკობ?“
მე ვუპასუხე „არა, მხოლოდ ინგლისური, ფრანგული და გერმანული“.
მან დამიწყო დაკითხვა დამტვრეული ინგლისურით: პირველად ვიყავი საქართველოში? არა. ტურისტი ვიყავი? დიახ. ჩემი პროფესია? მე ვუპასუხე: „ფრანგულის მასწავლებელი“, რომელიც შეიძლება ვიყო, თუ ვინმეს დასჭირდება.
„შემდეგ კითხვები ჩემი მარშრუტის შესახებ — ბორჯომი, თბილისი, ქუთაისი. ვიყავი თუ არა ჯგუფის წევრი? ტურისტული სააგენტოს მეშვეობით დავჯავშნე? არა.
როცა აღვნიშნე, რომ ქმართან ერთად ვმოგზაურობდი, რათა გამეზიარებინა მომენტები ჩემს საყვარელ ქვეყანაში, მათ სახელი მკითხეს. ეს [ქმრის სახელი] არ არის ტიპური ფრანგული სახელი და როგორც ჩანს, ამაზე ჩაიციკლნენ: „ის მართლა საფრანგეთის მოქალაქეა?” ჰკითხეს“, — წერს ფოტოგრაფი.
ფოტოგრაფი ჰყვება, რომ შემდეგ ოფიცრებმა ოთახი დატოვეს. მისი თქმით, სამი საათის განმავლობაში, ყველა კითხვაზე, რომელსაც მათ უსვამდა, პასუხი იყო: არ ვიცით. ველოდებით გადაწყვეტილებას.
ვინიო წერს, რომ საბოლოოდ მას დარბაზში გასვლა მოსთხოვეს, რის შემდეგაც უთხრეს, რომ საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა. როცა ფოტოგრაფმა მათ მიზეზი ჰკითხა, პასუხი იყო: არ ვიცი.
მარილიზ ვინიო ჰყვება, რომ შემდეგ მას უთხრეს, რომ დაეჯავშნა ფრენა საქართველოდან ნებისმიერი მიმართულებით. მან პოლონეთი აირჩია, რადგან შემდეგი ფრენა მის საცხოვრებელ ქალაქში, ვენაში, მხოლოდ სამი დღის შემდეგ იყო.
ფოტოგრაფის თქმით, მას მისცეს დრო, რომ ქმარს დამშვიდობებოდა, რომელიც მას ბარგის ასაღებ ბილიკთან ელოდებოდა.
„ორივე შევთანხმდით, რომ ამან არ უნდა გააფუჭოს მისი გამოცდილება — რომ ის უნდა დარჩეს და ნახოს მშვენიერი საქართველო. ასე, რომ მარტო წავიდა თბილისში.
ამის შემდეგ მომიტანეს ხელმოწერის ფურცელი — უარის თქმის მიზეზი იყო: „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“. მათ მაცნობეს, რომ საუბრის ეს ნაწილი იწერებოდა“, — თქვა ფოტოგრაფმა.
ამის შემდეგ ფოტოგრაფს უთხრეს, რომ გამგზავრებამდე დასაკავებელ ოთახში დარჩებოდა. მოსთხოვეს, რომ მისი ბარგი მათთან დაეტოვებინა და მხოლოდ პატარა ჩანთა მისცეს.
ვინიოს თქმით, მას ასევე დაჟინებით სთხოვდნენ ტელეფონის დათმობას.
„მე ვკითხე, არსებობდა თუ არა რაიმე კანონი, რომელიც ამ სახის კონფისკაციის უფლებას აძლევდა. მათ თქვეს „დიახ“ და დაამატეს, რომ ისინი აქამდე კეთილები იყვნენ, მაგრამ შეიძლება უარესი მომხდარიყო, თუ არ დავემორჩილებოდი.
მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. მოვახერხე თბილისელ მეგობართან დაკონტაქტება, რომელმაც მაშინვე მითხრა, რომ ასეთი მოთხოვნა უკანონო იყო. მან დამაკავშირა ქართველ ადვოკატთან, რომელმაც დაადასტურა, რომ მე მქონდა ჩემი ტელეფონის შენახვის უფლება“, — წერს მარილიზ ვინიო.
ვინიოს თქმით, ამის შემდეგ უთხრეს, რომ შეეძლო ტელეფონი დაეტოვებინა, თუმცა არ დაუბრუნეს ბარგი, მათ შორის, მისი კომპიუტერი.
ფოტოგრაფი შემდეგ შემაკავებელ ოთახში გადაიყვანეს, სადაც სომალელი ქალი დახვა. ვინიო წერს, რომ ქალს ტელეფონი ჩამოართვეს.
მარილიზ ვინიოს წერილში ვკითხულობთ, რომ 9 საათზე ოფიცერმა გამგზავრების დარბაზში გაიყვანა და უთხრა, რომ პასპორტს პირდაპირ ეკიპაჟს გადასცემდნენ.
ვინიოს თქმით, ფრენის დროს ბორტგამცილებლებმა უთხრეს, რომ საქართველოში შემოსვლაზე ამგვარი უარის თქმა ყოველდღე ხდება.
„მგონია, რომ მათ სიაში ვიყავი. ვიცი, რომ არ ვარ პირველი ფოტოჟურნალისტი, ვისაც ეს დაემართა. გასულ ზამთარს ორჯერ ვიყავი საქართველოში — ჯერ ერთი თვით ოქტომბერ-ნოემბერში, გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებამდე და შემდეგ სამი კვირით დეკემბერში.
ამ დროს თითქმის ყოველ საღამოს დავდიოდი რუსთაველსა და პარლამენტთან. სოლოლაკში ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა ნიშნავდა, რომ შენობის უკან მდგარი პოლიციის პირდაპირ უნდა გამევლო.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ჯერ არ ჰქონდა დაყენებული ჩინური ხელოვნური ინტელექტის სათვალთვალო კამერები, მე ეჭვი მაქვს, რომ მონიშნული ვიყავი“, — წერს ფოტოგრაფი.
მისი თქმით, მისი ნამუშევრები საქართველოდან The Eye of Photography-სა და Hot Mirror-ში გამოქვეყნდა, ასევე გამოიფინა თბილისში, Kolga Photo Festival-ზე და რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის სიაშიც მოხვდა.
ფოტოგრაფი ამბობს, რომ ასევე რეგულარულად აქვეყნებდა პოსტებს სოციალურ ქსელებში, სადაც ღიად გამოხატავდა მხარდაჭერას ქართველი ხალხის ბრძოლის მიმართ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.
მარილიზ ვინიო ამბობს, რომ საქართველოსთან უშუალო და ღრმა კავშირი 2019 წელს პირველი ვიზიტის შემდეგ აქვს.
მისი თქმით, საქართველოში თითქოს საბოლოოდ იპოვა კუთხე, რომელიც ასახავს მის ყოფიერებას, ამჯერად კი, მოკლე ვიზიტით ჩამოდიოდა, რათა ქმრისთვის საქართველო ეჩვენებინა.
ფოტოგრაფი აცხადებს, რომ შესვლაზე უარს გაასაჩივრებს და ამასთან დაკავშირებით ადვოკატსაც უკვე დაუკავშირდა.