„თბილისი მოლთან“ დაკავებული 8 პირის საქმის არსებითი განხილვა 3 ივნისს დაიწყება

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა წინასასამართლო სხდომა ჩატარდა.

ბრალდებულები არიან: ირაკლი წიგნაძე, ირაკლი ტაბატაძე, ნიკა კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი, ალექსანდრე გოგოლაძე, დიმიტრი ბიძინაშვილი და გიგი უგულავა.

სასამართლომ მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა. ადვოკატებს საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა ჰქონდათ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ საქმის შეწყვეტის საფუძვლად დანაშაულის არარსებობა მიაჩნია:

„არ არსებობდა კანონი, რომელიც ქმედებას აწესებდა, როგორც დანაშაულებრივად და მეორე მხრივ, არ არსებობს ამ პირების მიერ ჩადენილი შესაბამისი მოქმედება“, – თქვა მან.

საქმის არსებითი განხილვა 3 ივნისს, 13:00-ზე დაიწყება.

2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ დაკავებულ 8 ადამიანს მოგვიანებით პროკურატურამ სისხლის სამართლის წესით წარუდგინა ბრალდება.

პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. აღნიშნული  სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

სასამართლომ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორია სტრატეგიული ან განსაკუთრებული კატეგორიის ობიექტთა ნუსხაში ირაკლი კობახიძის მიერ 31 იანვარს გამოცემული დადგენილებით შევიდა.

6 თებერვალს „ოცნების“ პარლამენტმა ცვლილება შეიტანა „სისხლის სამართლის კოდექსში“. ცვლილების მიხედვით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მუხლის მიზნებისთვის ობიექტი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.

OSZAR »