თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ერთი ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

საქალაქო სასამართლოსთან ერთი ადამიანი დააკავეს. „ფორმულას“ ეთერში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა თქვა, რომ ის იგინებოდა და საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

„იგინებოდა და დავაკავეთ. ვერ გეტყვით, სახელი და გვარი არ ვიცი. იგინებოდა. აგინებდა ყველას, გამვლელებს, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და შესაბამისად რეაგირება მოვახდინეთ“, – თქვა სერგი ბზიშვილმა.

„პუბლიკა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. უწყებიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

საქალაქო სასამართლოში „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს. მის მხარდასაჭერად სასამართლოსთან მისული მოქალაქეების ნაწილი მანდატურებმა ეზოში არ შეუშვეს. სასამართლოს ჭიშკრებთან და შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. პოლიცია დგას ეზოს გარეთაც, სადაც შეკრებილები ელოდებიან, როგორ განვითარდება პროცესები.

ზურაბ ჯაფარიძეს ნათქვამი აქვს, რომ არ აპირებს გადაიხადოს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო და ელოდება, რომ მისი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვლება.


14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო თარაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

წულუკიანის კომისიის სხდომებზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

OSZAR »